ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ რუსთავი2-ის გასხვისების გადაწყვეტილება მას რუსული არხის, НТВ-ს დახურვას ახსენებს. მისი თქმით, ის არ ელოდა გადაწყვეტილების ასე სწრაფად მიღებას.
„ვუსმენდი ივანიშვილის გუნდის სხვადასხვა მარიონეტის გამოსვლას და ძალიან სამწუხარო პარალელი გამახსენდა. წინასწარ ხაზს ვუსვამ, რომ სრულფასოვან პარალელს არ ვატარებ იმიტომ, რომ, საბედნიეროდ, განსხვავებები უფრო დიდია, ვიდრე მსგავსება, მაგრამ НТВ-ს დახურვა ვისაც ახსოვს და მთელი პერიპეტიები, არგუმენტები და ეს განცხადებები, რომ ჟურნალისტების ხელში იქნება ეს ყველაფერი და საკუთრების უფლებაც ხომ არსებობს და ხალვაშის განცხადება, რომ შეხვდება კოლექტივს, ერთიერთზეა ეს ყველაფერი. მაგრამ საქართველო არ არის რუსეთი, ქართული საზოგადოება არ არის ის საზოგადოება და არ არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო რუსეთის საზოგადოება. ამავე დროს, ეს არის ძალიან სახიფათო გზა, საითაც ივანიშვილს მიჰყავს ქვეყანა,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 60 პროცენტი ქიბარ ხალვაშს, 40 კი - შპს "პანორამას" მიაკუთვნა. ტელეკომპანიის იურისტები, გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადს შეიტანენ. გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, უზენაესი სასმართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ასევე ავტომატურად გაუქმდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო რუსთავი 2-ის სარჩელებს დააკმაყოფილებს.