საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქართული მხარე იაპონიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებით არის დაინტერესებული. ამის შესახებ ვაშაძემ იაპონიის სრულუფლებიან ელჩ მასაოში კამოჰარასთან "მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის სუფთა ენერგიის შემოთავაზების" პროექტის ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის სახელით მადლიერები გრძნობა ჩვენი იაპონელი მოკავშირეებისადმი და პარტნიორებისადმი. იაპონიას არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია ჩვენი მხარდაჭერა და ეს ხელშეკრულება, რომელსაც მოვაწერეთ ხელი, იაპონიის მთავრობის გარანტია. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ეკონომიკური სექტორის დივერსიფიკაციისა და რაც მთავარია ეკოლოგიურ ტექნოლოგიებზე გადასვლისა", - აღნიშნა ვაშაძემ.
მისი თქმით, იაპონია არის ერთ-ერთი უფრო აქტიური დონორი საქართველოსი და რომ არა მათი მხარდაჭერა სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკა და აღმშენებლობა არ იქნებოდა იმ ეტაპზე, რომელზედაც ახლაა.