,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე, საქართველოს მოსახლეობას, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“ -ის დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ,,რუსთავი 2“ -ის დაცვით ის არა ტელეკომპანიას, არამედ ქვეყნის და საკუთარ მომავალს იცავს.
„ეს არ არის ,,რუსთავი 2“ -ის დაცვის დღე, დღევანდელ დღეს აქ მოსვლით მე ვიცავ ჩემს საკუთარ საქართველოს, ვიცავ ჩემს საკუთარ მომავალს და ვიცავ იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს უკეთესი ხვალინდელი დღეს პერსპექტივას რომ საქართველოში არსებობდეს განსხვავებული აზრი, რომ საქართველოში იყოს კრიტიკული და თავისუფალი მედია,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძემ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს მიმართა, რომლებიც მისი თქმით, ტელეეკრანებთან სხედან და ფიქრობენ, რომ ის რაც ,,რუსთავი 2“ -ის გარშემო ხდება მათ არ ეხებათ.
„უნდა გვესმოდეს რომ ,,რუსთავი 2“ -ის გაჩუმებით ამ ქვეყანაში ჩუმდება ის მთავარი სატელევიზიო არხი, რომელიც საუბრობს თქვენს პრობლემებზე, თქვენს გაჭირვებაზე. რომელიც საუბრობს იმაზე როგორ გატყუებთ მთავრობა, როგორ იწყობს ცხოვრებს ხელისუფლება პრემიებით, დანამატებით, თანამდებობებით და როგორ არ ზრდის პენსიას, სოციალურ დახმარებას, არ ასრულებს დაპირებებს. ამას კარგავთ თქვენ,“-მიმართა ბაქრაძემ მოსახლეობას.
დავით ბაქრაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ,,რუსთავი 2“ შეიცვლის მფლობელს და შეიცვლის სარედაქციო პოლიტიკას, აღარ იარსებებს მედიასაშუალება, რომელიც ხელისუფლებას მოსთხოვს პასუხს ქვეყანაში არსებული პრობლემებისთვის.
,,რუსთავი 2“ 15 წლის წინ იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, მაგრამ დღეს ,,რუსთავი 2“ არის გაჭირვებული ხალხის ტელევიზია, იმიტომ, რომ არის ერთადერთი არხი, რომელიც ამ ქვეყანაში საუბრობს ხალხის გაჭირვებაზე,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.