აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში, ფეირფორდის ამერიკული ავიაბაზის სიახლოვეს მომხდარ ინციდენტში „უცხოელი აქტორი“ მონაწილეობდა. ამის შესახებ მან მედიასთან განაცხადა, მას შემდეგ, რაც ბაზასთან დაკავებული ხუთი ეჭვმიტანილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რუბიოს კონკრეტული ქვეყანა არ დაუსახელებია, თუმცა განცხადებაში ირანის მხრიდან ამერიკული ინტერესების წინააღმდეგ არსებული მუქარები ახსენა.
„ეს აშკარად არის სიტუაცია, რომელშიც უცხოელი აქტორი მონაწილეობს. ამ საკითხზე დეტალებში ჯერ არ შევალ. მინდა მადლობა გადავუხადო ბრიტანეთის ხელისუფლებას, რომელიც დიდი მზადყოფნით თანამშრომლობს და სიტუაციას აკონტროლებს“, - განაცხადა რუბიომ.
დიპლომატმა კომენტარში მიანიშნა, რომ საუბარი შესაძლოა ირანს ეხებოდეს, თუმცა ინციდენტში ამ ქვეყნის მონაწილეობა პირდაპირ არ დაუდანაშაულებია.
„ვფიქრობ, ეს გვაიძულებს გავაცნობიეროთ რეალობა - კერძოდ, ის, რომ საქმე გვაქვს მსოფლიოში გარკვეულ ძალებთან, მაგალითად, ირანთან, რომლებიც ღიად იმუქრებოდნენ, რომ მთელ მსოფლიოში ამერიკის ინტერესებზე თავდასხმას განახორციელებდნენ“, - განაცხადა რუბიომ.
მისივე თქმით, აშშ ასეთ მცდელობებს ძალიან სერიოზულად ეკიდება.
ამასთან, სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოთქვა ინციდენტში ეჭვმიტანილი პირების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გამო.
„ვიცი, რომ ბევრ ადამიანს აწუხებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირებიდან ზოგიერთი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ზოგიერთი მათგანის საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხზე ბრიტანეთთან ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა რუბიომ.
შეგახსენებთ, 27 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში რამდენიმე პირი დააკავეს გლოსტერშირის საგრაფოში მდებარე ფეირფორდის ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. Associated Press-ის ცნობით, სავარაუდო თავდასხმის სამიზნე ბაზაზე განთავსებული ამერიკული ბომბდამშენები იყო.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ დაკავებულები ავიაბაზისთვის დიდი ზიანის მიყენებას ცდილობდნენ.