"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს "ალიანსი საქართველოსთვის" დაშლის ფაქტი არ უკვირს. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში "ალიანსმა" ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი და მათი ხელისუფლებაში ყოფნის ვადა ნებით თუ უნებლიედ გაახანგრძლივა. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დღეს პარტიის ოფისში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"ჩემთვის განსაკუთრებით საკვირველი არ ყოფილა ინფორმაცია "ალიანსის" დაშლის შესახებ. მინდა განვაცხადო, რომ სამწუხაროდ, ნებით თუ უნებლიედ ამ ხნის განმავლობაში "ალიანსმა" ხელისუფლების საქმე გააკეთა და რაღაცნაირად ჩაჯდა ხელისუფლების მიერ შექმნილ სქემაში", _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და იქვე აღნიშნა, რომ "აქ ერთი რამ არის საკვირველი, რომ სამიოდე დღის წინ "ალიანსის" წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ისინი იყვნენ ოპოზიციურ ფლანგზე უალტერნატივო ძალა და ისინი უნდა გამხდარიყვნენ ოპოზიციის ფლაგმანი".
"ჩემთვის გაუგებარია რაც ნიშნავს, მათი დღევანდელი განცხადება. თუ სამი დღით ადრე მათ არ იცოდნენ, რომ ალიანსი იშლებოდა ეს საერთოდ სხვა პრობლემაა, ხოლო თუ მათ იცოდნენ, მაშინ ეს მოსახლეობის მოტყუებაა და ამაზე ხალხი შესაბამის რეაგირებას გააკეთებს", _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.