საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე პატრიარქის განცხადების არასრული ვერსიით გამოქვეყნებას სოციაური ქსელით ეხმიანება და აცხადებს, რომ საუბრიდან ამოჭრილი იყო უმნიშვნელოვანესი ნიუანსები.
„დღემდე არ გამიკეთებია კომენტარი ამ თემაზე, მაგრამ ვფიქრობ ისეთი შეკითხვები ჩნდება გზადაგზა, რომ პასუხები ყველას უნდა გვაინტერესებდეს.
არ გამოვთქვამ არანაირ ვარაუდს, მაგრამ მას შემდეგ რაც პატრიარქის სრული ჩანაწერი ვნახეთ, საიდანაც, აღმოჩნდა რომ უმნიშვნელოვანესი ნიუანსები ამოჭრილი ყოფილა და ისე გაავრცელეს ტელევიზიებმა, ვინც გაავრცელა. ვკითხულობ, ვინ ამოჭრა პატრიარქის მნიშვნელოვანი სიტყვები და ვის დასჭირდა იმ ფრაზების ამოღება რაც ამოჭრილი იყო?
პატრიარქს თავად ჰქონია ბევრი შეკითხვა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან და ჩვენ თავდაპირველად პატრიარქის "მოდელირებული" საუბარი შემოგვასაღეს სრულის ნაცვლად.
რა ხდება და რა მიზნით გააკეთეს ასე, ვინც გააკეთა? მე არ ვიცი ვინ დაამზადა პატრიარქის ვიდეო ჩანაწერის ეს მოკლე ვერსია. აშკარაა, რომ ვინც ეს გააკეთა ამ სკანდალის ერთ მხარესაა, ალბათ გამოძიება დაინტერესდება", - წერს კვაჭანტირაძე.
"რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს ხან - მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?", - აცხადებს პატრიარქი "ობიექტივის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერში, რომელიც განცხადების თავდაპირველი ვერსიიდან ამოღებულია.