საქართველო წინ მიდის - ამ სიტყვებით დაიწყო ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ მატვეი განაპოლსკიმ, რომელიც დღეს თბილისში სააგენტო "რია ნოვოსტის" საერთაშორისო პრესცენტრში გაიმართა.
პრესკონფერენციის სახელწოდება იყო "ორი წელი ომის შემდეგ" და მასზე განაპოლსკიმ საქართველო-რუსეთის ომის ორი წლის შემდეგ მისი თვალით დანახულ საქართველოზე ისაუბრა, ქართველი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და თავისი შემოქმედებითი გეგმები გააცნო.
"საქართველო წინ მიდის, წინ მიდის მიუხედავად ყველაფრისა. ვიცით იყო, ომი, რომლის შემდეგაც ბევრს ეგონა, რომ საქართველოს სახელმწიფო დაიშლებოდა და მისი მმართველი რეჟიმი ჩამოიშლებოდა. საქართველოში ელოდნენ იმას, რაც ამჟამად ბიშკეკში ხდება, მაგრამ მრავალთა დასანანად ეს არ მოხდა", _ განაცხადა განაპოლსკიმ.
მისი თქმით, ქართველები საოცარი ხალხია, რომელიც განსაცდელის დროს ერთიანდება, ამიტომაც მავანთა გათვლა გამართლდა და ყველაფერი ზუსტად პირიქით მოხდა.
"ყველაფერი პირიქით განვითარდა. ქართველები საოცარი ხალხი ხართ, განსაცდელის დროს ერთიანდებით ხოლმე, ალბათ სწორედ ეს ვერ იქნა გათვლილი. ბევრს ეგონა ტერიტორიადაკარგული ხალხი მთავრობაზე იყრიდა ჯავრს და მას დაამხობდნენ, ამის ნაცვლად ქართველები გაერთიანდნენ და შენება და წინსვლა, დიახ, შენება განაგრძეს", _ განაცხადა რუსმა ჟურნალისტმა.
მისივე თქმით, ის კარგად ხედავს, რომ საქართველოში შენება მიდის, საქართველო სამშენებლო მოედანივითაა, შენდება შენობები, გზები, მიდის ბრძოლა კორუფციასთან, ტარება რეფორმები.
"საქართველო ერთ ადგილზე გაყინული არ არის. თქვენ ცოცხალი ორგანიზმივით ხართ. თქვენ ხართ ცოცხალი სახელმწიფო თავისი შეცდომებით ავითა და კარგით, მთავარი არის ის, რომ თქვენ ერთ ადგილზე არ დგეხართ და წინ მიიწევთ", _ განაცხდა ჟურნალისტმა.