ამერიკა ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოსთან თანამშრომლობით კმაყოფილია. ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის სახელმწიფო ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრატორმა თომას დაგოსტინომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რადიოაქტიული ნივთიერებების აღმომჩენი დეტექტორები დაათვალიერა. ამერიკის მთავრობა ხუთი წელია, საქართველოსთან თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში ერთობლივად არაერთი ღონისძიება განახორციელეს და საკმაოდ წარმატებულადაც. ამერიკა-საქართველოს შორის ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის პროგრამის ფარგლებში აშშ საქართველოს უკვე 37 მილიონი დოლარით დაეხმარა. აღნიშნულ თანხაში შედის აპარატურა, მისი დამონტაჟება, სამართალდამცავთა ტრენინგები და ა. შ..
"ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და აქ ჩამოსვლისას დავინახე, რა მჭიდრო კავშირია საქართველოს და ამერიკის მთავრობებს შორის. ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ბირთვული უსაფრთხოებისადმი დამოკიდებულებით. ბირთვული იარაღი, შესაძლოა, ტერორირტების ხელში ჩავარდეს, რაც მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობა. როგორც იცით, ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის სამიტზე აშშ-ის პრზიდენტმა ბარაკ ობამამ 47 სახელმწიფოს მეთაურს უასპინძლა. ამ შეხვედრაზე იყო მიხეილ სააკაშვილიც. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა", - განაცხადა დაგოსტინომ.
ამასთან, საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსის, გიორგი გრიგალაშვილის განცხადებით, საქართველო, თავისი ტერიტორიული მდებარეობის გამო, შეიძლება გამოყენებული იყოს რადიოაქტიური ნივთიერების სატრანზიტო გზად. ამიტომ მსგავსი დეტექტორების დამონტაჟება ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მნიშვნელოვანია. მისი ინფორმაციით, რადიოაქტიური ნივთიერებების აღმომჩენი დეტექტორი საქართველოს ყველა გამშვებ პუნქტზეა დამონტაჟებული - საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო პუნქტებზე და მათი რაოდენობა 15-ს შეადგენს.