პარლამენტში ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა განხილვამ მწვავე კამათი გამოიწვია.
დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ოთარ კახიძის კრიტიკამ გამოიწვია. მას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გამოეხმაურა და ჰკითხა, თუ როგორ ხდებოდა მოსმენები ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ მოსმენებს ენმ რუსეთის ჯაშუშების წინააღმდეგ იყენებდა.
,,განვიხილოთ როგორ იყო ეს ჩვენს წინა დროს, ბატონი კობა ნარჩემაშივლის დროს, კომუნისტების დროს როგორ იყო? - ჩვენ ახლა ვმსჯელობთ იმაზე, ვის დროს როგორ იყო? ყველაზე კარგი სასაუბრო თემა შემოიტანეთ ახლა. ”ნაციონალური მოძრაობის” დროს მიდიოდა რეალურად ბრძოლა რუსეთის ჯაშუშების წინააღმდეგ. თქვენ რომ პოლიტპატიმრების სტატუსით გაათავისუფლეთ ბატონო ირაკლი, იმათ წინააღმდეგ ხდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემების გამოყენება. აი, ეს იყო განსხვავება”, - განაცხადა კახიძემ.
დეპუტატების კამათში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც ჩაერთო.
„მაგ ტონალობაში შენ ნუ გველაპარაკები, თავი დაანებე ყალბ მოთქმას ცერცვაძეზე. საკუთარი მოქალაქეების ამომჟუჟავი ხარ. შენც ხარ იმ სისტემის ნაწილი. შენ და ადეიშვილს ვინც გადაგირჩათ, ისინი გავათავისუფლეთ ჩვენ”, - გაანცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, რის საპასუხოდაც ოთარ კახიძემ მას ცილისმწამებელი უწოდა.
საკითხზე მომსენებელმა, ეკა ბესელიამ ამის შემდეგ განაცხადა, რომ ოთარ კახიძის არც ერთ შეკითხვას არ უპასუხებს.