საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიგი წერეთელმა მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში. კონფერენცია ეძღვნებოდა ქალთა ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებს. სამი ათასზე მეტ დელეგატს შორის იყვნენ სამთავრობო, საპარლამენტო დელეგაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესის, მედიისა და საზოგადობის ცნობილი წარმომადგენლები.
კონფერენცია გახსნა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, ასევე დელეგატებს მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. გიგი წერეთელი, მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმის ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით სიტყვით გამოვიდა საპარლამენტო სესიაზე. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა ქალთა ჯანმრთელობის კუთხით არსებულ სირთულეებზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, მსოფლიოში ყოველწლიურად მაინც იღუპება ხუთასი ათასამდე ქალი ძირითადად მშობიარობასთან და აბორტთან დაკავშირებული გართულებების გამო და დონორი ქვეყნების ამოცანაა რესურსების მობილიზება იმისათვის, რომ 2015 წლამდე მოხერხდეს ათასწლეულის ერთ-ერთი მიზნის მიღწევა, ქალთა სიკვდილიანობის სამი მეოთხედით შემცირება. მან ასევე ისაუბრა საქართველოში ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე, ყურადღება გაამახვილა რა ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე. აღნიშნა, რომ მიუხედავად მცირე რესურსებისა, ქვეყანას აქვს ხედვა და პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს ღონისძიებები ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ათასწლეულის მიზნების შესასრულებლად.
კონფერენციის ფარგლებში გიგი წერეთელი შეხვდა ევროპისა და აზიის საპარლამენტო დელეგაციათა წარმომადგენლებს, ასევე ამერიკის კონგრესის წევრებს. სპეციალური შეხვედრა მოეწყო კონგრესის უმრავლესობის ლიდერის ნენსი პელოსის ოფისში ამერიკელ ქალ კონგრესმენთა ჯგუფთან.
ვაშინგტონიდან გიგი წერეთელი კანადაში, ქალაქ ოტავაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დიდი რვიანის (G8) საპარლამენტო სამიტში.