სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე განიხილავს.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს პარლამენტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე წარუდგენს.
„ჩვენი მოტივირებული შენიშვნები ემსახურება ორ მიზანს: მოხდეს სასამართლოს დეცენტრალიზაცია და ხელი შევუშალოთ ძალაუფლების კონცენტრირებას თავმჯდომარეების ხელში და გაიზარდოს მოსამართლეების დაცულობა.
მიუხედავად საკომიტეტო მოსმენაზე გუშინდელი შედეგისა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დღეს იქნება კონსტრუქციული და შინაარსობრივი განხილვა ჩვენი შენიშვნების და პარლამენტი გულდასმით მოეკიდება ჩვენს წინადადებას”, - განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი განცხადებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ძირითადად ეყრდნობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. შესაბამისად, პრეზიდენტის შენიშვნებზე უარი, ეს არის უარი ვენეციის კომისიის მიმართ. ასევე, ამ შენიშვნებით გვინდა შევუშალოთ ხელი და შევზღუდოთ ძალაუფლების კონცენტრაცია რამდენიმე ადამიანის, სასამართლოს დირექტორის ხელში, რომელიც იუსტიციის საბჭოში იუსტიციის საბჭოს მიერ დაინიშნება.