"ყოველგვარი ხელშეკრულება საქართველოსა და საფრანგეთს შორის არის ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილება და უფლება, რომელთანაც რუსეთს არაფერი ესაქმება", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რუსული მხარის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. რუსეთის ფედერაციის მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის ანალიზის ცენტრის ხელმღვანელმა იგორ კოროტჩენკომ განაცხადა, საქართველოსთვის ვეტმფრენების მიყიდვის გამო, შესაძლოა, ფრანგულ კომპანიას რუსულმა მხარემ სანქციები დაუწესოს.
ვაშაძის შეფასებით, ფრანგულ მხარეს რუსეთი არანაირ სანქციებს არ დაუწესებს, რადგან მოსკოვი სულ უფრო ხდება დამოკიდებული დასავლეთის იარაღის მწარმოებელ კომპანიებზე.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ფრანგული კომპანია "ევროკოპტერსგან" ორი ვერტმფრენი იყიდა, რამაც რუსული მხარის გაღიზიანება გამოიწვია.