საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
როგორც სომეხ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდგე გამართულ პრესკონფერენციაზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობის კომპლექსური რევიზია იყო, ასევე საუბარი შეეხო იმ საკითხებს, რომელიც სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს.
"ვისაუბრეთ იმ საერთაშორისო სამართლებრივ ბაზაზე, რომლიც ჩვენს ურთიერთობებს აქვს საფუძველში, განსაკუთრებით ორმხრივი ხელშეკრულები. ასევე შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ კოორდინაციაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს და სომხეთს სჭირდებათ როგორც ერთი რეგიონის წარმომადგენელ ქვეყნებს. ამასთან, ჩემი კოლეგა დაინტერესდა იმ ვითარებით რაც ამ დროისთვის არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. მე, რა თქმა უნდა, ინფორმაცია სრულად მივაწოდე", - აღნიშნა ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძის თქმით, სომეხი კოლეგისგან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების და სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების სტაბილიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი დღეს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.