საქართველო უვიზო მიმოსვლას აფხაზებისთვის სატყუარად იყენებს, - ასე ეხმიანება აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებას, რომ ვიზალიბერალიზაციით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობაც ისარგებლებს.
"ჩვენ მიხეილ ჯანელიძის ქმედებას ვაფასებთ თბილისის უხეშ მცდელობად, აფხაზეთის მოქალაქეები მოაქციონ საქართველოს ეკონომიკურ და სამართლებრივ სივრცეში. ცხადია, რომ "ნეიტრალური პასპორტების" ჩანაფიქრის ჩავარდნის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა აფხაზეთის მოქალაქეებზე კიდევ ერთი სატყუარა გამოეყენებინა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სახით. უდავოდ, ეს არის თბილისის ახალი მცდელობაა ჩაიტყუოს ჩვენი მოქალაქეები საქართველოში. როგორც ყველა წინა მცდელობა, ესეც წარუმატებლობისთვისაა განწირული".
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მცდელობები, "გამოიყენოს აფხაზეთის მოქალაქეები მანიპულაციისთვის", უპერსპექტივოა.
"თუ ქართველ მმართველებს აწუხებთ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების საკითხები, მათ უარი უნდა თქვან ჩვენი მოქალაქეების საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკის წარმოებაზე, რომელთაც თბილისის გამო ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ".
დე-ფაქტო სამინისტრო მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუციებს უარი თქვან პოპულისტური ქმედებების მხარდაჭერაზე და ყურადღება გაამახვილონ აფხაზეთის მოქალაქეების დეიზოლაციისათვის ზომების გატარებაზე.