ევროსაბჭო ტექნიკურ პროცედურებს განაგრძობს, რათა საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით მოგზაურობა უახლოეს მომავალში შეძლონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებასა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ და ამ პროცესში, საქართველოს პარლამენტის როლზე იმსჯელეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას.
„ასოცირების შეთანხმებასა და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით გვაქვს სრული მხარდაჭერა ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან. ჩვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური და მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.
შეხვედრას, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე დაესწრნენ.