შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას ეხმიანება და აცხადებს, რომ
ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა ევროკავშირში თავისუფალი სავიზო რეჟიმის მისაღებად.
,,მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და მივულოცო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.
ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი, მათ შორის, ჩვენი უწყება, რომელზეც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების დიდი წილი მოდიოდა: საზღვრის ინტეგრირებული მართვა, არალეგალურ მიგრაციასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოდანაშაულთან, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების დანერგვა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
საქართველოს ევროპული გზა - ესაა ჩვენი არჩევანი, ეს არის შეუქცევადი პროცესი. ხოლო ვიზალიბერალიზაციის მიღება - ძალიან წარმატებული ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ!“, - აცახდებს შსს მინისტრი.