საფრანგეთის პროკურატურა პრეზიდენტობის კანდიდატის, ფრანსუა ფიიონის საქმით კიდევ ერთხელ დაინტერესდა. ამჯერად საქმე მისი შვილებისთვის სოლიდური თანხების გადარიცხვას ეხება. წინასწარი გამოძიებით, მარი და შარლი ფიიონებს 86 ათასი დოლარი იმ პერიოდში გადაერიცხათ, როდესაც მათი მამა სენატორის პოსტს იკავებდა. პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ შვილები მას იურიდიულ დახმარებას უწევდნენ, თუმცა არც მარი და არც შარლი პროფესიონალი იურისტები არ არიან. კორუფციული სკანდალი ფრანსუა ფიიონის წინააღმდეგ გასულ თვეში აგორდა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პოლიტიკოსს საკუთარი ცოლი პარლამენტში მრჩევლად ჰყავდა გაფორმებული და სოლიდურ გასამრჯელოს უხდიდა.