დღეს, ბრიუსელში, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა. ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის სახელით მიღება გაიმართა, რომელსაც დეპუტატები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თამარ ჩუგოშვილმა, დამსწრე საზოგადოებას, პარლამენტის თავმჯდომარის სახელით ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს არის პოლიტიკურად ძალიან დიდი გამარჯვება.
„გილოცავთ ყველას ჩვენი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას, და მე მაქვს შესაძლებლობა, რომ დღეს, მის ნაცვლად მოგილოცოთ ეს დღე თბილისში. დღევანდელი კენჭისყრა ნიშნავს იმას, რომ პრინციპში, საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მიღებულია. რამდენიმე ტექნიკური ფაზის გავლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები, დაახლოებით მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში, შეძლებენ თავისუფლად, უვიზოდ, საქართველოს მოქალაქის პასპორტით გადაადგილდნენ შენგენის ზონაში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და პოლიტიკურად ძალიან დიდი გამარჯვება“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროკავშირი იმ პირობებში, როდესაც თვითონ აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა მიგრაციის კუთხით, კარს უხსნის საქართველოს.
„ეს ეტაპები აუცილებდად გაგრძელდება შემდგომი ნაბიჯებით, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაახლოვებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან და საბოლოოდ აუცილებლად დასრულდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებით“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიდი მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საქმეში და ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებმა დაიცვან უვიზო მიმოსვლის პირობები.
„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, თოთოეულ თანამშრომელს, საჯარო მოსამსახურეს, რომელმაც ძალიან ბევრი იმუშავა ამ შედეგის მისაღებად. მინდა, პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეებს მივულოცო ეს დღე და შემდგომ მოვუწოდო, რომ აუცილებლად დავიცვათ უვიზოდ მიმოსვლის პირობები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს უვიზო რეჟიმის ფარგლებში და ასევე, იმისთვისაც, რომ განვაგრძოთ ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოვება“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის „კიდევ ერთი ქართულ ოცნება, რომელიც შესრულდა“.
მისივე თქმით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და სიგნალი ევროკავშირის მხრიდან. „ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არის ერთსულოვანი, დადებითი და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს აქვს ძალიან მტკიცე და შეუვალი არჩევანი ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით და ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ წარმატებით შეასრულა ის საშინაო დავალება, სამოქმედო გეგმა და რეფორმები, რომელმაც განაპირობა დღეს, სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიღება“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლმენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ დღეიდან ევროპა აღარ იქნება მხოლოდ დიპლომატების და მთავრობის წევრების. „შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან ევროპა გადადის უბრალო ადამიანების გულებში. უბრალო ადამიანები შედიან ევროპულ ოჯახში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ევროკავშირიდან“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში მიიღო და წარმატებით სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა. „ეს პროცესში დაიწყო სამი საუკუნი წინ, როდესაც სულხან-საბა ორბელიანი პირველად ჩავიდა ევროპაში და პირველად ითხოვა ევროპის მხარდაჭერა საქართველოსთვის. ამ მისიის წარმატებით შესრულება კი, წილად ერგო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობრებს, ელჩებს და იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ „დღეს, საქართველო ასე ახლოს ყოფილიყო ამ გადაწყვეტილებასთან და იმ აქტთან, რასაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია“. საპარლამენტო უმრავლესობი ლიდერმა განსაკუთრებული მადლობა საჯარო მოხელეებს გადაუხადა. „ასევე ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო თოთოეულ საჯარო მოხელეს, რომელთა შრომა, თავდადება იყო გადამწყვეტი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაში“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ღონისძიების მონაწილეებს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა
„ჩემს სამშობლოს და ჩვენს ქვეყანას ვულოცავ დღევანდელ დღეს, რადგან საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც ამ მომენტში, დარწმუნებული ვარ, აღარ ახსოვთ ვინ ვისი ოპონენტია და ვინ ვის აკრიტიკებს. მთავრია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვარ ერთიანები. მთავარია, რომ საქართველო ნელნელა ხდება ევროპის ნაწილი და მთავარია, რომ ამ გზიდან ჩვენი ქვეყანა არ გადაუხვევს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თავისი რეფორმებით, გზით, რომელიც უკვე არჩეულია, მიაღწევს უდიდეს წარმატებას ევროპულ გზაში, ევროპელებთან ერთად და ევროპულ ოჯახში“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით, პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, დღევანდელი დღე გადამწყვეტი იყო. „დღევანდელ პოზიტიურ გადაწყვეტილებას აუცილებლად მოსდევს სხვა პოზიტიური გადაწყვეტილებები საქართველოს საკიკეთოდ. როგორც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, მადლობა მინდა გადავუხადა ყველა იმ ადამიანს, უპირველესად საქართველოში, ვინც ეს შესაძლებელი გახადა. თითოეულ სახელმწოფო მოხელეს, თოთოეულ საზოგადო მოღვაწეს, თითოეულ მოქალაქეს და ჟურნალისტს, რომელიც ჩვენთან ერთად ამ იდეებს მხარს უჭერდა, ასაჯაროებდა და მუდმივი ყურადღების ცენტრში აქცევდა ქართულ მედია სივრცეში და საჯარო სივრცეში“,-განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ზვიად კვაჭანტირაძემ მადლობა გადაუხადა მეგობრებს ევროპარლამენტში, ხოლო განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე მომხსენებელს, მარია გაბრიელს. „მან თავისი მოვალეობები ძალიან ღირსეულად შეასრულა. მადლობა ევროპელ კოლეგებს“,-განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა თვალი ადევნებინა ევროპარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის პროცედურის პირდაპირი ტრანსლაციისთვის.