553 ხმით 66 -ის წინააღმდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. რა შესაძლებლობას აძლევს უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს და რა უნდა იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა?
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია,
- უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები;
- მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში;
- ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ;
- მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს;
- უვიზო რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით;
- ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს ვიზის მისაღებად.
- საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან:
- შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული შესვლისა და ყოფნის წესები (შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღიანი პერიოდის განმავლობაში);
- ადგილობრივი კანონმდებლობა, საავტომობილო მოძრაობის წესები და საზოგადოებრივი წესრიგი;
- ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტაციას (გაძევება) ან/და დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რასაც ყოველთვის მოსდევს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 5 წლამდე პერიოდით.
- ევროპელი და ქართველი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პროცედურული ნაბიჯები გაზაფხულისთვის დასრულდება.