მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას მიმდინარე თვეში დაიწყებს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზემ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი კოორდინაციას უწევს საკომუნიკაციო კამპანიას. ეს კამპანია ამ თვიდან დაიწყება ძალიან აქტიურად მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს, როგორც სატელევიზიო, სოციალურ ქსელებს, ასევე პირდაპირ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რათა ეს პროცედურები კარგად იქნას მიტანილი თითოეულ მოქალაქემდე და მათ იცოდენენ როგორც შესაძლებლობები, ასევე მათი უფლებები“, - განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე განმარტებით, აუცილებელია მოსახლეობამ კარგად იცოდეს, რას ემსახურება ვიზალიბერალიზაცია.
„ეს არის 90 დღით შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა, მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. ეს არ გულისმობს დასაქმების შესაძლებლობას. ის ხელმშემწყობი იქნება ბიზნეს ურთიერთობებისთვის, ხალხთა შორის კონტაქტებისთვის, ტურისტული მიზნებით ვიზიტებისთვის თუ სხვა ტიპის მოგზაურობისთვის, რომელიც გულისხმობს მოკლევადიან ვიზიტებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდოს თითოეული ჩვენი მოქალაქე და არ მოხდეს ამ რეჟიმის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული შეფერხებები პროცესში“, - განაცხადა ჯანელიძემ.