საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგიის თემაზე შეხვედრა გაიმართა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და აზიის მმართველ დირექტორთან თომას მაირ-ჰარტინგთან.
ქართული მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და მასში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ და ასევე, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლებმა.
შეხვედრისას თომას მაირ-ჰარტინგმა მიმოიხილა ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის მიზნები და ამოცანები ორგანიზაციის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მიმართებაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის ერთ-ერთი საკვანძო პარტნიორის როლს. ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის მიმოხილვისას მაირ-ჰარტინგმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ევროკავშირის მიდგომებზე სხვადასხვა გამოწვევებთან მიმართებაში გაზარდოს პარტნიორი ქვეყნების მდგრადობა.
შეხვედრაზე ქართული მხრიდან გამოითქვა მზაობა გაღრმავდეს ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში შემდგომი თანამშრომლობა, ასევე ხაზი გაესვა ევროკავშირის როლს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.
ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი ქრისტიან დანიელსონი და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორი თომას მაირ-ჰარტინგი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ქრისტიან დანიელსონმა და თომას მაირ-ჰარტინგმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს. ევროკომისიის წარმომადგენლებს ასევე საჯარო გამოსვლა ჰქონდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.