საერთაშორისო ურთიერთობების ექპერტის, გიორგი რუხაძის, აზრით, საქართველოში არსებული დღევანდელი მდგომარეობა არის ხელისუფლების პოლიტიკის რუსეთთან დათმობების შედეგი. ამის შესახებ გიორგი რუხაძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
„მე, სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და უნდა ველოდოთ უფრო მსხვილი ტიპის დათმობებს. არ ვიცი, რა იქნება, რკინიგზის საკითხი თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი. როდესაც ეს ჯაჭვი უკვე ნათელი ხდება, ეს არის უკვე ძალიან ცუდი გზავნილი, პირველ რიგში, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის იმიტომ, რომ საქართველო ვერ ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას. ეს არის ცუდი სიგნალი მოსკოვისთვის, რომელიც გრძნობს, რომ მისი მხრიდან ზეწოლა შედეგებს იღებს. ასევე, ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება უძლურია,“ - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
ის ამბობს, რომ საზოგადოებას ხელისუფლება არაფერს არ უხსნის და ხალხი მარჩიელობს, თუ რა ხდება რეალურად.
„ხალხი უკვე საუბრობს იმაზე, რომ ბრუნდება ის დრო, როდესაც რუსეთი ნიშნავდა ჩვენთან მინისტრებს,“ - აცხადებს რუხაძე.
მისი აზრით, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რადგან ევროინტეგრაციისთვის ბრძოლაა საჭირო.