,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის გააქტიურების შესახებ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს თავი შეიკავოს ნეიტრალური პოზიციის დაკავებისგან.
,,29 იანვარს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარმა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია გააქტიურა. შეტევა ხორციელდება დასახლებულ პუნქტ - ავდეევკაზე. რუსული შენაერთები აქტიურად იყენებენ "გრადი" ტიპის საარტილერიო დანადგარებს. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლია. 24 საათის მანძილზე 3 დაიღუპა და 24 უკრაინელი სამხედრო დაიჭრა. რამდენიმე ათასი ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი. ძლიერი ცეცხლის გამო სარემონტო სამუშაოები ვერ გრძელდება. საუბარია მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზეც.
რუსეთის ფედერაცია ცეცხლის შეწყვეტაზე უარს აცხადებს. დღეს თბილისის დროით 19.00 სთ-ზე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცი-ის მუდმივმოქმედი საბჭო საგანგებო სხდომას მართავს. დღესვე, იმართება გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს სხდომაც.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მეგობარ სახელმწიფოს და სტრატეგიულ პარტნიორს, უკრაინას. თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდზე ვდგევართ.
ამავე დროს, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს ნეიტრალური პოზიციის დაკავებისგან, გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე ორმხრივ ურთიერთობებში, რუსეთის ფედერაციაზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის გასაძლიერებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.