პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გარკვეული დათქმებით გადასვლის მომხრე ვიქნები, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ. მისი ტქმით, ამისთვის დემოკრატიული ქვეყნების მაგალითები უნდა იყოს გამოყენებული.
,,დემოკრატიული ქვეყნების მაგალითები უამრავია, რასთან დაკავშირებითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ არ იქნება მაჟორიტარული სისტემა, ავიღოთ რომელიმე ქვეყნის მაგალითი, ან მიმსგავსებული მაგალითი, რათა ჩვენ არ გამოვიგონოთ ახალი ველოსიპედი და გვქონდეს საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც თუ იქნება მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა, შეიქმნას გარანტიები, რომ ეს არ გამოიწვევს კრიზისს და გაურკვევლობას”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება საარჩევნო ბარიერის დაწევას, მდინარაძე მიიჩნევს რომ 5%-იანი ბარიერის დაწევა სწორი არ იქნება.
საკონსტიტუციო კომისია დღეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხზე იმსჯელებს. ოპოზიცია ამ მოდელის გაუქმებას და რეგიონულ - პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს.