თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, საკონსტიტუციო კომისიის არსებობა აზრს კარგავს , - განაცხადა ”დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა.
,,ხელისუფლებას კარგად მოეხსენება რას ფიქრობს პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია თანხმდება, რომ დღეს არსებული მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და გადავიდეს მთლიანად პროპორციულ სისტემაზე. ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით კი გვაქვს ძალიან სერიოზული შეკითხვები, რადგან ხშირად ცვლიან ამ პოზიციას. წინა პარლამენტში ჰქონდათ სურვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის, დღეს თითქოსდა აღარ უნდათ. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება დღეს ხელისუფლების პოზიციის მოსმენა, აპირებენ თუ არა ძირეული ცვლილებების განხორციელებას საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში. ამ საკონსტიტუციო კომისიის არსებობას უბრალოდ აზრი დაეკარგება, თუ ხელისუფლება იტყვის, რომ მას აქვს ხისტი პოზიცია და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ყოფილა მისთვის საუკეთესო. ამ შემთხვევაში, ეს იქნება ამ კომისიის დასასრულის დასაწყისი”, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
საკონსტიტუციო კომისია დღეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხზე იმსჯელებს. ოპოზიცია ამ მოდელის გაუქმებას და რეგიონულ - პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს.