საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში ვიზიტს აგრძელებს.
ვიზიტის ფარგლებში, თამარ ჩუგოშვილმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელთან, მიქელე ნიკოლეტისთან გამართეს. მხარეებმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისა და სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის ურთიერთობისა და მათ შორის საქმიანობის კოორდინირების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში საქართველოს განსაკუთრებულ როლზეც.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა. „ეს ჯგუფი სიდიდით მეორეა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან,დაახლოებით, 180-ზე მეტ დეპუტატს ითვლის. შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი დელეგაციის ძირითადი ნაწილი სწორედ სოციალისტების ჯგუფის წევრია და ჯგუფის ხელმძღვანელთან იმ საკითხებზე, იმ მიმართულებებზე ვისაუბრეთ, რაზეც შეიძლება ჩვენი ურთიერთობები აეგოს და როგორ მოხდეს ჩვენი საქმიანობის უკეთესად კოორდინირება იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები სხვადასხვა კომიტეტებში თუ პლენარულ სხდომაზე უფრო ძლიერად იყოს წარმოჩენილი. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში საქართველოს განსაკუთრებულ როლს. ის დემოკრატიული პროცესები, რომელიც საქართველოშია, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული წარმატებული რეფორმა სამაგალითოა და ამის ირგვლივ უნდა განვითარდეს გარკვეული დისკუსიები, მოხდეს რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართვა და ინფორმირება“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი ესწრებოდნენ.
საპარლამენტო დელეგაციას შემადგენლობაში, თამარ ჩუგოშვილთან ერთად, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე შედიან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობის პარალელურად, ქართველი დეპუტატები მაღალი რანგის შეხვედრებს მართავენ.