აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა ოტობაიასა და ნაბაკევის ე.წ. გადასასვლელების დახურვას აპირებს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა
„შეხვედრაზე მივაწოდეთ ინფორმაცია, ოტობაია-ორსანტიის და ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გადასასვლელების დახურვასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი ის, რომ ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების უფლებას შეზღუდავს. ქართულმა მხარემ ეს პოზიცია შეხვედრაზეც დავაფიქსირეთ. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედი, რომ ისინი შეძლებენ გავლენის მოხდენას დეფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე", - განაცხადა ქემოკლიძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეს.
"გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თბილისის პოზიცია უცვლელია და ჩვენი მთავარი მოთხოვნა მკვლელის ქართული მართლმსაჯულებისთვის გადმოცემას ეხება, რათა მან პასუხი ჩადენილ ქმედებაზე ქართული კანონმდებლობის შესაბამისად აგოს“, - აღნიშნა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.
შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო აფხაზეთის იზოლატორებში მყოფი ქართველი პატიმრების ბედს. მათ შორის, გიორგი ლუკავას, რაზეც კახაბერ ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ საკითხის განხილვა მომავალშიც გაგრძელდება.
რაც შეეხება ზაზა წულუკიას, რომლის ბედიც 2012 წლიდან გაურკვეველი იყო, საბოლოოდ კი გარდაცვლილი აღმოჩნდა, მისი ცხედრის გადმოსვენებაზე მოლაპარაკებები მორიგ შეხვედრაზე განახლდება.
სუს-ის წარმომადგენლის განმარტებით, შეხვედრის მონაწილეებმა ასევე, ისაუბრეს აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.
მომდევნო შეხვედრა გალში 22 თებერვალს გაიმართება.