უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი აცხადებს, რომ უკრაინის ახალ ხელისუფლებაში არის კურსი კეთილმეზობლური ურთიერთობების გამყარებაზე და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება უცვლელად რჩება. ეს განცხადება აზაროვმა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას გააკეთა.
"უკრაინა დაინტერესებულია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებასა და თანამშრომლობის აქტივიზაციაში პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში", _ განაცხადა აზაროვმა.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ორმხრივი კომისიის სხდომა, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს განიხილავდა 2005 წლიდან არ ჩატარებულა.
ამაზე უკრაინის პრემიერმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების დაბრუნება კრიზისამდელ პერიოდში. აზაროვმა ასევე განმარტა, რომ უკრაინა დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებით ისეთ სფეროებში როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მეტალურგია, სოფლის მეურნეობა და ტელეკომუნიკაცია.
მხარეებმა შეხვედრის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისში უკრაინა-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის გამართვის შესახებ პრემიერ-მინისტრების დონეზე.