13 - 14 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის სახელმწიფო ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრატორი თომას პ. დაგოსტინო ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დაგოსტინო შეხვდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. განხილვის საგანი იქნება აშშ - საქართველოს თანამშრომლობა ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლის საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესება. თომ დაგოსტინო ასევე მოინახულებს საქართელოში აშშ სახელმწიფო ბირთვული უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ობიექტებს.
თავდაცვის მეორე ხაზის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს რადიაციის გამოსამჟღავნებელ აღჭურვილობას და ატარებს ტრენინგებს პარტნიორი ქვეყნებისათვის მსოფლიო მასშტაბით, სხვა ქვეყნების მთავრობების მიერ საერთაშორისო საზღვრებზე და გამშვებ პუნქტებზე ბირთვული და რადიოლოგიური მასალის უკანონო გადატანის ხელის შეშლის, გამოვლინების და აღკვეთის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით.
2005 წლის 6 დეკემბერს ენერგეტიკის დეპარტამენტის სახელმწიფო ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაციამ და საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტმა (სასაზღვრო პოლიციამ) ხელი მოაწერეს საქართველოში თავდაცვის მეორე ხაზის პროგრამის განხორციელების შეთანხმებას. მას შემდეგ სახელმწიფო ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საბაჟოსთან, რათა უზრუნველყოს ისინი რადიაციული დეტექციის აღჭურვილობით და მდგრადი ტრენინგით საჰაერო და საზღვაო პორტების, აგრეთვე სახმელეთო გამშვები პუნქტების შემოწმებისათვის. პროგრამის დასრულების შედეგად სასაზღვრო მოძრაობის დაახლოვებით 98% მარეგულირებელი კონტროლით შემოწმდება ბირთვულ და სხვა რადიოაქტიურ მასალებზე.