დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოსა და ირლანდიას შორის ორმხრივი კონსულტაციების მორიგი რაუნდი. კონსულტაციებზე ირლანდიის მხარეს ხელმძღვანელობდა ირლანდიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის პოლიტიკური დირექტორი დევიდ დონოჰიუ. ირლანდიის მხრიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ირლანდიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაიკლ ფორბსი. კონსულტაციების ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ალექსანდრე ნალბანდოვთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის 2012 წელს ირლანდიის ეუთოს თავმჯდომარეობა. გამახვილდა ყურადღება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე. დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და მისი მონაწილეობა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში, ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და სხვა რეგიონალური საკითხები.
შეხვედრაზე ირლანდიის მხარემ კვლავ დაადასტურა ირლანდიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.