საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ითხოვს, რომ პარლამენტმა სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრს ანგარიშში გამოთქმულ შენიშვნებს პრინციპული დადგენილებებით უპასუხოს. ამის შესახებ განცხადება დიმიტრი ლორთქიფაინძემ დღეს პარლამენტში სესიაზე გააკეთა.
როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პარლამენტი სახალხო დამცველის აგარიშის მოსმენას უახლოეს პერიოდში აპირებს. თუმცა მისი თქმით, აუცილებელია, აღნიშნული საკითხი, რაც შეიძლება სწრაფად იქნას განხილული.
ამ განცხადების საპასუხოდ დღევანდელი სხდომის თავმჯდომარემ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განმარტა, რომ ტუღუშის ანგარიშის მოსმენა ივლისის თვეს არ გადასცილდება და შესაძლოა ივნისშიც იქნას განხილული. ლორთქიფანიძის თქმით, მთავარი არის რომ დასკვნაში გამოთქმულ შენიშვნებს პარლამენტის მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვეს.
"ბოლო პერიოდში შემოსულ ანგარიშებს შორის ეს არის ერთ ერთი ყველაზე მწვავე ანგარიში და განსაკუთრებით მნიშვნელვანია პენიტენციალური სისტემის კუთხით", _ აცხადებს ლორთქიფაინძე და მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა მიიღოს საგანგებო დადგენილება თითოეულ გამოთქმულ შენიშვნასთან დაკავშირებით.
"აუცილებელია პარლამენტმა პასუხი გასცეს აღმასრულებელი ხელისუფლების რიგი უწყებების უკანონო ქმედებებს", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.