უკრაინულმა კომპანია "პრომოვამ" მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 7 ტელეკომპანიას ეხება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველაზე მეტი საეთერო დრო მერობის სახელისუფლო კანდიდატს - გიგი უგულავას ეთმობოდა, ხოლო მეორე ადგილზე "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია იყო.
პროექტის მენეჯერ ვიქტორია ბრიზას განცხადებით, "რუსთავი 2"-ის, "იმედისა" და "პირველი არხის" შემთხვევაში ეს ტენდენცია შენარჩუნებულია.
ტელეკომპანია "კავკასიაზე" ირაკლი ალასანია ლიდერობდა, ხოლო მეორე ადგილი გიგი უგულავას ეკავა. რაც შეეხება ტელეკომპანია "მაესტროს", უგულავასა და ალასანიას თანაბარი საეთერო დრო ეთმობოდათ.
"დავინახეთ, რომ სხვადასხვა მხარე განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, კოორიდინირებულად და მოტივირებულად ახორციელებდა სამუშაოს. ყველა მედიასაშუალება ცდილობდა ბალანსირებულად წარმოეჩინა ყველა კანდიდატი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის გამოსდიოდათ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტები ცდას არ აკლებდნენ, ყოფილიყვნენ ობიექტურები და ხშირად ეს გამოსდიოდათ კიდეც. რაც შეეხება სატელევიზიო დებატებს, კანდიდატებს შორის დიალოგის საწყისები დავინახეთ", - განაცხადა უკრაინული კომპანია "პრომოვას" მმართველის პარტნიორმა, ეუთოს ექსპერტმა ევგენი გლებოვიცკიმ.