სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. გენპროკურატურამ გალის რაიონში მომხდარი ინციდენტების გამო, რომელთაც შედეგად სეპარატისტთა რამდენიმე "ჩინოსნის" გარდაცვალება მოჰყვა, სისხლის სამართლის საქმე "ტერორიზმის" მუხლით აღძრა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად სეპარატისტთა ე. წ. გენპროკურატურა ავრცელებს.
აფხაზეთის ე. წ. გენპროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიით, 4 ივლისს უცნობმა პირებმა გალის რაიონის სოფელ რეპის ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი კაცია ავტომობილში ჩაცხრილეს, მანამდე, 1-ელ ივნისს კი, გალის რაიონში ჩასაფრებიდან აფხაზი მებაჟეების ჯგუფი დაცხრილეს. დაიღუპა ერთი დაიჭრა ორი მებაჟე.
სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. გენპროკურატურა ასევე აცხადებს, რომ "რაიმე სახის უკანონო ქმედებებისა და გარდაცვლილთა ნათესავების მხრიდან შურისძიების ფაქტების თავიდან აცილების გამო დაემატა მილიციის დანაყოფები და სამართალდამცავი ორგანოების მიერ დამატებითი ზომები იქნა მიღებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით".
ამას გარდა, ე. წ. გენპროკურატურა აცხადებს, რომ მათ მიერ ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 4 ივნისს სოფელ დიხაზურგაში უცნობი პირების მიერ ხუთი ადგილობრივი მოსახლის საცხოვრებელი სახლების გადაწვის გამო.
შეგახსენებთ, რომ 4 ივნისს სოფელ რეპის ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი კაცია მოსახლეობიდან ამოღებული თანხის გადანაწილებასთან დაკავშირებულ უთანხმოებას შეეწირა. უთანხმოება კი თავად სეპარატისტებს შორის 1-ელ ივნისს დაიწყო, როდესაც ფულის განაწილების დროს სეპარატისტთა საბაჟოს უფროსი გენადი კვიწინია მოკლეს.
აღსანიშნავია ასევე, რომ დიმიტრ კაცია ქართველების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. იგი გალის ზონას აკონტროლებდა და ქართველი მოსახლეობიდან "ხარკს" იღებდა, გადაუხდელობის შემთხვევაში კი მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციებს ატარებდა.