საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ექს-პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
"30 მაისს გამართულმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვიან და ამ ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის მთელ რესურსებს ცინიკურად იყენებენ. ცხადი გახდა ისიც, რომ დაქსაქსულ ოპოზიციას არ შესწევს უნარი, რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს არსებულ რეჟიმს. ოპოზიციის დაქსაქსულობა აწბილებს ხალხს, ნიჰილიზმისა და პასიურობისკენ უბიძგებს ბევრ მოქალაქეს. რეჟიმის უგუნური და უკანონო მოქმედების გამო, პარალიზებულია საქართველოს ეკონომიკა, იმატა უმუშევრობისა და ემიგრაციის დონემ. ქვეყნის საგარეო ვალი უპრეცედენტოდ გაზრდილია და იზრდება. ჩვენი სახელმწიფო, ფაქტობრივად, მიღებული უცხოური დახმარების ხარჯზე არსებობს. ამ გზაზე გარდაუვალია ეკონომიკური კატასტროფა", - ნათქვამია განცხადებაში.
ყოფილი მაღალჩინოსნების შეფასებით, აფხაზებთან და ოსებთან გაუცხოების ყოველი დღე გვაშორებს სანუკვარ მიზანს - საყოველთაო შერიგებას და საქართველოს გამთლიანებას. სააკაშვილსა და მის რეჟიმს არ შესწევთ უნარი, გამოასწორონ თავიანთივე უგუნურობით შექმნილი ვითარება.
"მიგვაჩნია, რომ აუცილებელია: პირველი - ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია და გაერთიანება; მეორე - ახალმა გაერთიანებამ ქვეყანას და საზოგადოებას უნდა შესთავაზოს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და მესამე გაერთიანებას უნდა ჰქონდეს ერთიანი სტრუქტურები. ჩვენი სახელმწიფოს ნგრევის შეჩერება და შენების დაწყება მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა.Mმხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სააკაშვილის ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის შეცვლა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიღწევა", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.