გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში "ევროკავშირი და სამოქალაქო საზოგადოება სამხრეთ კავკასიაში: ერთობლივი ძალისხმევა მშვიდობის ასაშენებლად".
კონფერენციას ესწრებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბრიტანეთის ლორდთა პალატის, ასევე გავლენიანი გერმანული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები, რომლებიც ევროპაში საზოგადოებრივ აზრს ქმნიან.
გიორგი ბარამიძე სიტყვით გამოვიდა იმ სესიაზე, სადაც სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით ევროკავშირის როლი განიხილეს. მან კონფერენციის მონაწილეებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე მიაწოდა ინფორმაცია, რათა ევროპელმა საზოგადოებამ ქვეყნის გამთლიანებისა და დემოკრატიული განვითარებისკენ მიმართული ქართული სახელმწიფოს ქმედებები სწორად გაიგოს.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციასა და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომლის შემუშავებასა და განხორციელებაში ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული. Aასევე ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობაზე.
გიორგი ბარამიძემ ხაზი გაუსვა კონფლიქტის მოგვარებაში საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობას და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვების აუცილებლობას.