მდინარე ფსოუზე გამავალ რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მდგარმა რუსმა მესაზღვრეებმა გამშვები რეჟიმი გაამკაცრეს. აღნიშნული ზომა სეპარატისტულ აფხაზეთში საკურორტო სეზონის დაწყებასთან და ტურისტთა ნაკადის გაზრდასთანაა დაკავშირებული. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამსახური საზღვრის დაცვის სამმართველო ავრცელებს.
"ყველაზე დიდი დატვირთვა ივნისიდან - სექტემბრის თვემდე სოჭსა და აფხაზეთს შორის არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მოდის. ასევე დატვირთვაა "ყირიმი-კავკასია" საბორნე გადასასვლელზე. ადლერის მიმართულებით დამატებით უკვე გაგზავნილია საზღვრის დაცვის სამმართველოს თანამშრომლები", _ აცხადებს პრესსამსახურის უფროსი ვლადისლავ კოზლიტინი.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ამ მიმართულებით, უკვე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე ერთეული, გამოვლენილია 3 მდე მოქალაქე, რომლებიც სხვისი და ყალბი პასპორტების გამოყენებით საზღვრის გადაკვეთას ეცადნენ.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, რუსული მედია აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისი მდინარე ფსოუზე არსებულ საზღვარს "რუსეთ-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრად" არ აღიარებს და აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.