ფედერალური გამოძიების სააგენტო ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის ძმას რობერტ კოკოითს საქართველოსათვის იარაღის მიყიდვაში ადანაშაულებს. მათივე ინფორმაციით, ეს გარიგება გივი თარგამაძისა და ირაკლი მანაგაძის მონაწილეობით განხორციელდა.
ფედერალური გამოძიების სააგენტო (FLB.ღუ) სტატიას ქვეყნებს სახელწოდებით "შს სამინისტროს გელმენტები", რომელშიც გამოთქმულია ვერსია იმის შესახებ, რომ "შს სამინისტროს ორგანოებს ჭამს და ანგრევს კორუფციული "გელმენტები" და რომ შს სამინისტროში შესაძლოა არსებობდეს კორუფციული მაფიოზური სტრუქტურა კოდური სახელწოდებით "ЦРС" (ცენტრალიზებული რეიდერული სისტემა).
აღნიშნულ პუბლიკაციაში მოყვანილია მრავალი სხვა და სხვა მონაცემი, მათ შორის ყურადღებას იქცევს ინფორმაცია რომელიც საქართველოსა და მის ოკუპირებულ რეგიონს ე.წ. სამხრეთ ოსეთს ეხება.
მასში არის საუბარი ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის ძმაზე რობერტ (რაულ) კოკოითზე, რომლის მიმართაც რედაქცია გამოძიების ჩატარებასა და საქართველოსათვის იარაღის მიყიდვის საკითხში მისი მონაწილეობის გამოძიებას მოითხოვს.
მეტიც, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ შს სამინისტროში გააგზავნა განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ძმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრასთან დაკავშირებით. იურისტების აზრით, აღკვეთ ღონისძიებად (კოკოითის მიმალვის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით) მისი დაპატიმრება შეიძლება გახდეს.
სტატიაში ნახსენებია "ფონდსერვისბანკი" _ ფინანსური საკრედიტო სტრუქტურა, რომელიც სტრატეგიულად ორიენტირებულია სამამულო ეკონომიკის განვითარებაზე. ბანკი 1994 წელსაა გახსნილი.
ბანკ "ფინდსერვისბანკის" პრეზიდენტი ალექსანდრე დავითის ძე ვოლოვნიკია. 1961 წელს თბილისში დაბადებული, ეროვნებით ებრაელი. ამჟამად იგი მოსკოვში ცხოვრობს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის საერთაშორისო ბიზნესის ინსტიტუტი.
არის მოსაზრება, რომ ვოლოვნიკს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილთან, რომელმაც მოგვიანებით იგი დაახლოვა შეკვეთილი მკვლელობებისათვის დაუსწრებლად გასამართლებულ ნევზლინთან. ასვეე პატარკაციშვილმავე შეიყვანა იგი გუსინსკის, ბერეზოვსკის, ირაკლი ოქრუაშვილის (საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი), თემურ იაკობაშვილის (სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში), კახა ბენდუქიძის, გივი თარგამაძის (საქართველოს პარლამენტის თავდაცივისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე) და ირაკლი მანაგაძის (საქართველოს ეროვნული ბანკი) წრეში.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ირაკლი მანაგაძეს ახლო ურთიერთობა აქვს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ჟაკ ლემიერთან.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ყველა საქმის ჩამოთვლა, რომელიც ამ ბანკის მეშვეობით ხორციელდებოდა შეუძლებელია. მათი რაოდენობა ძალიან დიდია, თუმცა რამდენიმეზე შეჩერება ნამდვილად ღირს.
"ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს ის, ფაქტი, რომ 2007 წლის თებერვლიდან _ ივლისის პერიოდში "ფონდსერვისბანკის" მონაწილეობითა და მრავალი ერთდღიანი საბანკო ფირმების მეშვეობით რობერტ კოკოითს 120 მილიონი აშშ დოლარი გადაერიცხა, თითქოს საქართველოსათვის მიყიდული 200 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის, საზენიტო დანადგარების, სამი ტანკის და ხუთი ჯავშანმანქანის მიყიდვისათვის. ეს გარიგება თითქოს შედგა ირაკლი მანაგაძესთან და გივი თარგამაძესთან", _ ნათქვამია სტატიაში.