საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთში ვიზიტი ბორდოს მერთან და ქვეყნის მმართველი პარტიის ლიდერთან შეხვედრით დაასრულა. სააკაშვილი თავდაპირველად საფრანგეთის მმართველი პარტიის ლიდერს, ქსავიერ ბერტრანს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ქართულ-ფრანგული ურთიერთობები იყო.
მოგვიანებით სააკშვილი ქალაქ ბორდოს მერს ალან ჟუპეს შეხვდა. ბორდოს მერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ აპირებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.
"დავარწმუნე საქართველოს პრეზიდენტი იმაში, რომ საფრანგეთი საქართველოს მხარს უჭერს. ნიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტი და 2008 წლის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში მისი უშალო მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ საფრანგეთი საქართველოს მხარს უჭერს. ჩვენ გვსურს, საფრანგეთისა და საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში. შევეცდებით ვითანამშრომლოთ ღვინის წარმოების საკითხშიც", - განაცხადა ბორდოს მერმა.