"ალიანსი საქართველოსთვის" ყოფილი თანათავმჯდომარის სოზარ სუბარის მიერ ინიცირებულ "ქართული იდეის" პროგრამის გარშემო საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ სოზარ სუბარმა დღეს, სასტუმრო "თბილისი - მარიოტში", "დაიცავი საქართველოს" წევრებსა და სხვა საზოგადოების ცნობილ სახეებთან შეხვედრისას განაცხადა. დღევანდელ შეხვედრას. ლევან გაჩეჩილაძე, გიორგი გაჩეჩილაძე ("უცნობი") "მწვანეთა" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, ნანა კაკაბაძე, ეროსი კიწმარიშვილი და სხვა საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
სოზარ სუბარმა მის ახალ ინიციატივაზე ისაუბრა და განმარტა, რომ "ქართული იდეის გარშემო" ეს არის ხედვა მომავალში, ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის აუცილებელი პრიორიტეტების განსასაზღვრავად. მისი განცხადებით, ქვეყანამ ფეხი უნდა აუწყოს მსოფლიო პროგრესს და მთავარი პრიორიტერტი განათლება და თვითმყოფადობის შენარჩუნება უნდა გახდეს. ამ საქმეში კი სოზარ სუბარის აზრით, საზოგადოებამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ყოფლი სახალხო დამცველი აცხადებს, რომ კარი ღიაა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ამ იდეის გაშემო გაერთიანდეს.
ლევან გაჩეჩილაძემ სოზარ სუბარს ინიციატივის დაყენებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ იდეის რეალიზაციის პროცესში იგი თავის წვლილს აუცილებლად შეიტანს. "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ინიციატივითაც გამოვიდა, შეექმნათ საინიციატივო მუშა ჯგუფი, რომელიც "ქართული იდეის გარშემო" შესაბამის დოკუმენტს მოამზადებს.
"მე არასდროს არ ვყოფილვარ პირდაპირ იდეის გაშემო გაერთიანებული. საქართველოში უფრო ხშირად ხდებოდა, ხოლმე ადამიანების გარშემო გაერთიანება და არა იდეის გარშემო. ეს ალბათ ქართული ამბიციების ბრალიც არის. ძალიან აუცილებელია, რომ თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანებმა ამ საკითხზე დადონ თავისი ხედვა. მე ეს ინიციატივა ასეთი ფორმულით წარმომიდგენია - საქართველო გუშინ დღეს და ხვალ. ამიტომ ორივე ხელის აწევით მივესალმები და ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ვიქნები, როგორც ამ იდეის შექმნის და დადების, ასევე თანამონაწილე ვიქნები ამ იდეის ირგვლივ საზოგადოების კონსულიდაციის საკითხში. ერთ კონკრეტულ საკითხს დავაყენებ. ეს ძალიან ვრცელი თემაა, დროში მოსწრებადია, მაგრამ ძალიან ბევრი საკაბინეტო და საოფისე მუშაობა სჭირდება. ხომ არ შეგვექმნა მუშა ჯგუფი იმ ადამიანებისაგან, რომელებიც იმუშავებენ ამ "ქართული იდეის" რეალიზაციისთვის", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
გაჩეჩილაძის ინიციატივა შეხვედრის მონაწილეებმა მოიწონეს და ათწუთიანი დახურული თათბირის შემდეგ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:
"ქართულმა იდეამ" უნდა მიიღოს დოკუმენტაციის სახე. ეს იქნება ორ ნაწილიანი დოკუმენტი პირველი იქნება უფრო მსოფლმხედველობრივი, ხოლო მეორეში უფრო დეტალურად იქნება აღწერილი თუ როგორ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის განვითარების გზას. შეიქმნება რვაკაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ დოკუმენტზე იმუშავებს. ჯერჯერობით შევთანხმდით, რომ ამ ჯგუფის წევრთა ვინაობა საჯაროდ არ გავახმაუროთ ძალიან მარტივი მიზეზის გამო. კარები ჯერ კიდევ ღიაა ყველასთვის და დაველოდებით იქნებ ვინმემ გამოთქვას პროექტში მონაწილეობის სურვილი. ეს ჯგუფი ორ ნაწილად იქნება გაყოფილი. პირველი ნაწილი საორგანიზაციო საკითხებზე იუშავებს და სხვადასხვა შეხვედრებს ორგანიზებას გაუწევს, ხოლო მეორე ნაწილი ექსპერტულ სამუშაოს ჩაატარებს. აქვე უნდა განვაცხადო, რომ ეს არ იქნება პარტია და ჩვენ არანაირი პარტიის შექმნის მცდელობა არ გვაქვს, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი მოძრაობა, რომელიც ეცდება საბოლოოდ გამოკვეთოს საქართველოს გეზი და საქართველოს ადგილი დღევანდელ სამყაოში", - განაცხადა სუბარმა.