ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტების გაცემა განახლდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, აღნიშნულ პასპორტებს "რესპუბლიკის მაცხოვრებელი ყველა მოქალაქე არსებული კანონმდებლობის დაცვით მიიღებს".
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. შს სამინისტროს საპასპორტო სამმართველოს უფროსის სერგეი მარგიევის ინფორმაციით, პასპორტების გაცემა ბლანკების არარსებობის გამო იყო შეწყვეტილი. ამას გარდა, მისივე ინფორმაციით, თუკი ადრე ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტებს მოსახლეობას უფასოდ ურიგებდნენ, ამიერიდან პასპორტის აღებისათვის მოქალაქემ ფული უნდა გადაიხადოს.
"მოქალაქეებმა სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაიხადონ იმისათვის რათა პასპორტი მიიღონ. ადრე ყველა გადასახადს სახელმწიფო იხდიდა. ამიერიდან კი შს მინისტრის ბრძანების მიხედვით, პასპორტის აღებისათვის მოქალაქემ 620 რუსული რუბლი უნდა გადაიხადოს. ეს კი იმასთან არის დაკავშირებული, რომ ჩვენ ბლანკების შეკვეთებს რუსეთში ვაძლევთ", _ აცხადებს მარგიევი.