საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"საფრანგეთი პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასევე მხარს უჭერს ჟენევის დისკუსიების გაგრძელებას. ეს ვიზიტი კარგი საშუალებაა საქართველოსადმი ჩვენი მხარდაჭერის გამოსახატად და ფრანგულ-ქართული ურთიერთობის გასამყარებლად, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს", - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, კუშნერის უწყება ყურადღებას ავღანეთში ქართველი სამხედროების მნიშვნელობაზეც ამახვილებს და აცხადებს, რომ 172 ქართველი ჯარისკაცის საფრანგეთის ნაწილების დისლოკაციის ადგილზე ყოფნას დიდი მნიშვნელობა აქვს.
საგარეო უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ასევე პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეხვედრები პარიზის უნივერსიტეტებისა და კვლევით ცენტრებშიც გამართა.