"სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს.
"30 მაისს ჩატარებულმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ საზოგადოებამ ძირეულად უნდა გავიაზროთ ჩვენი შეხედულებები ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. არჩევნები, როგორც დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, როგორც ხელისუფლების შეცვლის მექანიზმი, საქართველოში არ მუშაობს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების მეშვეობით საქართველოში ჯერ არ მომხდარა. თუ ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუ არ შეიცვალა პოლიტიკური მოქმედების შინაარსი, სტილი, ფორმები და წესები, არც უახლოეს მომავალში გახდება ის ხელისუფლების შეცვლის ინსტიტუტი", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
"სოციალ-დემოკრატები" აცხადებენ, რომ აჯანყების მომხრეები არ არიან, რადგან ბოლო წლების გამოცდილებამ დაადასტურა, რომ ძალადობრივი ფორმით ხელისუფლების ცვლილება არ უზრუნველყოფს ქვეყანაში იმ ცვლილებების განხორციელებას.
"შექმნილ ვითარებაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ცალკეულ პოლიტიკურ ფიგურათა გადაჯგუფება, ერთი და იმავე შინაარსის "მწვავე" თუ "ნაკლებად მწვავე"'კრიტიკა ტელეეკრანებიდან, ან სხვა მსგავსი კარგად ნაცნობი მეთოდები ვერ დაგვეხმარება არსებული რეალობის შეცვლაში. საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიის ფოკუსი უნდა გადავიდეს ხელისუფლების ცვლილებიდან ცხოვრების ცვლილებაზე, პიარტექნოლოგიებიდან იდეურ შინაარსზე. პოლიტიკური ცხოვრება ინტენსიური უნდა იყოს არა მხოლოდ პერიოდულად არჩევნებისას, საარჩევნო ყუთებთან და ტელესივრცეში, არამედ ყოველდღიურად, იქ სადაც ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, გვაქვს ურთიერთობები. პოლიტიკა არ უნდა იყოს მხოლოდ ხელისუფლებისათვის ბრძოლა, პოლიტიკა უნდა იყოს მოქმედება, პოლიტიკა უნდა გახდეს ცხოვრების შემადგენელი ნაწილი", - აცხადებენ "სოციალ-დემოკრატები".