რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გალის რაიონის სოფლებში, დიხაზურგასა და რეფში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს ხელისუფლება უკიდურესად აღშფოთებულია გალის რაიონის სოფლებში, დიხაზურგასა და რეფში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო. ამ სოფლებში ჩატარებული საეგზეკუციო ოპერაციის შედეგად, გარდაცვლილია 3 ადამიანი, დამწვარია 6 საცხოვრებელი სახლი, ფიზიკური ტრავმა აქვს მიყენებული და უსახლკაროდ დარჩენილია ათობით ადამიანი. საქართველოს ხელისუფლება სამძიმარს უცხადებს ძალადობრივი გზით გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, გმობს ძალადობის გამოვლინების ნებისმიერ ფორმას და საგანგაშოდ მიიჩნევს აფხაზეთის ტერიტორიაზე დაძაბულობის ესკალაციას", _ არნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ინციდენტების მიუკერძოებლად გამოძიებისათვის, საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად მიიაჩნევს საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას. ამასთან, მოითხოვს გამოძიება წარიმართოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ და მზადაა ამ პროცესში აქტიურად ითანამშრომლოს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში.
"საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს (UNHCR), დახმარება გაუწიოს დაზარალებულ ოჯახებს, რათა უზრუნველყოს ისინი თავშესაფრით.
უნდა აღინიშნოს ის გატარებული პრევენციული ღონისძიებები, რამაც თავიდან აგვაცილა გალის რაიონის სოფელ დიხაზურგაში მომხდარი განუკითხაობის სოფელ რეფში გამნეორება. Aამიტომაც საქართველოს ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ აფხაზეთის საზოგადოება წინ აღუდგება უსამართლობას და ადამიანის უფლებების ასეთ უხეშ დარღვევებს, რაც ხელს უშლის გაყოფილი თემების შერიგების პროცესს", _ აღნიშნულია განცხადებაში.