ოსი სეპარატისტებისა და ეუთოს წარმომადგენლების შეხვედრა ჟენევაში, რომელზეც ახალგორის რაიონისათვის საქართველოდან ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი განიხილებოდა უშედეგოდ დასრულდა.
ეუთომ ოს სეპარატისტებს ამ საკითხში ქართული მხარის პოზიცია გადასცა, რომლის მიხედვითაც საქართველო მზადაა ახალგორის რაიონს მიაწოდოს ბუნებრივი აირი იმ შემთხვევაში თუკი საქართველოს მიერ მიწოდებული ბუნებრივი აირით ე.წ. სამხრეთ ოსეთში მდგარი რუსული საოკუპაციო ჯარების ნაწილები არ ისარგებლებენ.
ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ საქართველო არ აპირებს რეალური ნაბიჯების გადადგმას იმისათვის რათა ახალგორის რაიონს გაზი მოაწოდოს. ეს განცხადება ბორის ჩოჩიევმა ჟენევიდან ოსურ მედიასთან სატელეფონო საუბარში ეუთოს დამკვირვებლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ახალგორის რაიონისათვის გაზის მიწოდების საკითხი ოსური დელეგაციისა და ეუთოს წარმომადგენლებს შორის გამართულ წინასწარ კონსულტაციებზე განიხლებოდა. შეხვედრისას ეუთოს წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გაახმოვანეს და განაცხადეს, რომ საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაწვდის გაზს ახალგორის რაიონს თუკი ამ ბუნებრივი აირით რუსი სამხედროები არ ისარგებლებენ", - განაცხადა ჩოჩიევმა და დასძინა, რომ გაზი საქართველოში რუსეთიდან შედის და ამგვარი განცხადებები ქართული მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის კეთდება, რომ რაც შეიძლება უფრო გაიწელოს ამ ჰუმანიტარული ხასიათის საკითხის გადაწყვეტა.
"ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და არ არის საჭირო ვინმემ მიგვითითოს ვის უნდა მივაწოდოთ გაზი და ვის არა. ამიტომაც ამ საკითხს თავად გადავწყვეტთ",- აცხადებს ჩოჩიევი.
მისივე თქმით, ეუთოს პოზიცია ამ ორგანიზაციის მიერ მსგავსი საკითხის გადაწყვეტაში არაპრინციპულ მიდგომებზე მეტყველებს. "ჩვენ უკვე მერამდენედ დავინახეთ ეუთოს პროქართული განწყობა", - აცხადებს ჩოჩიევი.