დღეს, 8 ივნისს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მე-11 რაუნდი გაიმართება.
ჟენევაში საერთაშორისო კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად ქართული დელეგაცია 6 ივნისს გაემგზავრა. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.
როგორც ბოკერიამ განაცხადა, ქართული მხარე საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტების მხრიდან ადამიანის უფლების დარღვევის აღკვეთის მოთხოვნას განსაკუთრებული სიმკაცრით დააყენებს.
"შეხვედრაზე პირველ რიგში ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქეების განთავისუფლების საკითხს დავაყენებთ. ასევე მოვითხოვთ რუსი ოკუპანტების მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები და იმ ადამიანების მიმართ ტერორის შეწყვეტას, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებთან სიახლოვეს გადაადგილდებიან", - აღნიშნა ბოკერიამ.
მისი თქმით, ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლების დარღვევის საკითხებს, კერძოდ კი გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის შევიწროებას გააპროტესტებს.