"სახალხო დემოკრატები" ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურებიან. მათი განცხადებით, "სახალხო დემოკრატები" ვაკეში ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდნენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ არჩევნებმა "უმძიმესი მორალური და ფიზიკური წნეხის ქვეშ ჩაიარა". შესაბამის განცხადებას "სახალხო დემოკრატების" პრესსამსახური ავრცელებს.
"სახალხო დემოკრატების" აზრით, "კონსერვატორი" კახა კუკავას მიერ "ალიანსის" წარმომადგენელის, დავით საგანელიძის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნამ, საარჩევნო პროცესში გარკვეული არეულობა შეიტანა.
"ჩვენ ვუერთდებით არაერთი პოლიტიკური პარტიის და მათი წარმომადგენლის განცხადებას, რომ არჩევნებმა უმძიმესი მორალური და ფიზიკური წნეხის ქვეშ ჩაიარა, და ვაკის რაიონი, რომელიც ტრადიციულად ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლითაა დასახლებული, არ გახლდათ გამონაკლისი დედაქალაქის სხვა რაიონებისგან და ზოგადად, საქართველოს რეგიონებისგან. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვაკეში სურათი რადიკალურად შეიცვალა "ეროვნული საბჭოს" კანდიდატის კახა კუკავას განცხადების შემდეგ, რომელმაც თავისი კანდიდატურა მოხსნა დავით საგანელიძის სასარგებლოდ, რასაც ბუნებრივად მოჰყვა "ადეკვატური" რეაქცია ცესკოდან, რომელმაც, ფაქტობრივად, დატოვა ყოველგვარი დათქმების გარეშე ბატონი კუკავას კანდიდატურა ბიულეტენებში. ამან კი დამატებითი დაბნეულობა შეიტანა საარჩევნო პროცესში. ამაზე და სხვა საკითხებზე, ერთ-ერთ რადიო ეთერში ვესაუბრეთ "ალიანსის" წარმომადგენელ დავით საგანელიძესთანაც", - ნათქვამია "სახალხო დემოკრატების" განცხადებაში.
"სახალხო დემოკრატები" აღიარებენ, რომ ვაკეში დამარცხდნენ და ცესკოს საბოლოო შედეგებს ელოდებიან, რათა გამარჯვებულს მიულოცონ.
"გვსურს დავადასტუროთ, რომ "სახალხო დემოკრატები" დამარცხდნენ ვაკეში არჩევნებში. შესაბამის შედეგის დადება ჩვენი მხრიდან ვაკეში ვერ მოხერხდა, რაც, როგორც 4 თვის დაარსებულ პარტიას ბევრი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს სამომავლოდ დასახული პოლიტიკური მიზნების მისაღწევადა. გვინდა მივულოცოთ ვაკეში გამარჯვებულ კანდიდატს, ვინც არ უნდა იყოს ეს, ვახტანგ ნაცვლიშვილი თუ დავით საგანელიძე. მზად ვართ მას შემდეგ, რაც ცესკო საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს და დაამთავრებს ყველა საჩივრის განხილვას, რომელიც მრავლად არის შეტანილი სხვადასხვა კანდიდატის მიერ (მათ შორის "სახალხო დემოკრატებისგანაც"), პირადადაც მივულოცოთ გამარჯვება ამ ურთულეს უბანზე გამარჯვებულს, და გამოვთქვათ მზადყოფნა სათანამშრომლოდ, რათა თითოეული ვაკელის პრობლემა გადავწყვიტოთ, რომელთანაც შეხებაში თითოეული ჩვენთაგანი მოვიდა წინასაარჩევნო კამპანიისას", - აღნიშნულია განცხადებაში.