ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნებისათვის 14 მილიონი ლარი დახარჯა. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა ზურაბ მელიქიშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული თანხა პარტიას შემოწირულობის სახით ფინანსური და არაფინანსური აქტივების სახით გადაეცა. იგი იმ პირების ვინაობას არ ასახელებს, რომლებმაც "ერთან ნაციონალურ მოძრაობას" დახმარება გაუწია. თუმცა აღნიშნავს, რომ შემოწირულობები ძირითადად პარტიის წევრებისგან შევიდა.
მელიქიშვილის თქმით, თანხა წინასაარჩევნო კამპანიას და საარჩევნო პროცესისთვის მზადებას მოხმარდა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შემოსული ხარჯების შესახებ დოკუმენტი ცესკოში უკვე წარადგინეს.
"ყველაფერი არის კანონიერად სათანადო დოკუმენტაცია წარდგენილი გვაქვს. ეს ინფორმაცია ღიაა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩვენს ანგარიშს დაწვრილებით გაეცნოს", - აცხადებს მელიქიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ცესკოში პოლიტიკური სუბიექტების მიერ არჩევნებისთვის დახარჯული ფინანსური ანგარიშის შეტანის ვადა დღეს, 19:00 საათზე იწურება.
აღნიშნულ ფინანსურ ანგარიშებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ორ დღეში გამოაქვეყნებს.