23 ნოემბერს, გიორგობას კინოთეატრ ამირანში ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „სევდის ანგელოზების“ პრემიერა გაიმართება. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი: თეო ჯორბენაძე.ფილმის ჩვენებამდე გაიმართება მიღება და კონცერტი. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გია ყანჩელის ნაწარმოებებს შეასრულებს. სოლისტი - გიორგი ცაგარელი (ალტი). ფილმი „სევდის ანგელოზები“ გადაღებულია რამდენიმე ქალაქში საკონცერტო ტურნეს პარალელურად. მათ შორის - ბერლინი, ბრუსელი, ანტვერპენი, ბაქო. როგორი იყო მაესტროს ცხოვრების გზა, კადრები, რომლებიც არასოდეს გინახავთ, ისტორიები, რომელიც არასდროს მოგისმენიათ. მაყურებელი ასევე აღმოაჩენს, რომ გია ყანჩელი მისი მუსიკის შესახებ შექმნილი კრიტიკული წერილების უნიკალურ კოლექციასაც ინახავს, ერთ-ერთ მათგანს ცნობილი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი გაგვაცნობს. ფილმში მონაწილეობენ: რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, რეზო გაბრიაძე, ნინო ანანიაშვილი, გიდონ კრემერი, ელდარ შენგელაია, სანდრო ყანჩელი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი.