ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ კლინიკა „ლანცეტს“ ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა გაუუქმდა.
შესაბამის ნებართვის ძალდაკარგულად გამოცხადების ბრძანება რეგულირების სააგენტომ 9 ნოემბერს გამოსცა.
ბრძანების საფუძველზე კლინიკს მიერ ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა ძალადაკარგულად ცხადდება.
ამასთან, სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ ხელმძღვანელობა თითქმის მთლიანად შეიცვალა.
როგორც ჟურნალისტებს „ლანცეტის“ უკვე ახალმა კლინიკური დირექტორმა, კახი კარიაულმა განუცხადა, მიმდინარეობს რეორგანიზაცია.
რაც შეეხება "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" ინფორმაციას კლინიკა "ლანცეტში" ორი პაციენტის გარდაცვალებას, რომლებიც ტრანსპლატნაციის შემდეგ სისხლდენით დაიღუპნენ, კახი კარიაულმა განაცხადა, რომ ფაქტებს ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.
„რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, ვერც ვადასტურებ და ვერ უარვყოფ. მე ეს ინფორმაცია ტელევიზიიდან გავიგე. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ჯანდაცვის სამინისტორს რეგულირების სააგენტო. გამოძიების დაინტერესების შეთხვევაში, თანახმა ვართ შესაბამისი დოკუმენტაცია საგამოძიებო უწყებებს მივაწოდოთ“,-აღნიშნა კახი კარიაულმა.
„ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა“ კლინიკა „ლანცეტის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
„ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“ შეშფოთებულია დარღვევების კასკადით, რამაც გამოიწვია კლინიკა „ლანცეტში“ მოთავსებული მოქალაქეების გარდაცვალება.
„საავადმყოფოში შეყვანიდან მოქალაქეთა გარდაცვალებამდე ჩატარებული მკურნალობა და სამედიცინო მანიპულაციების მთელი ისტორია წარმოებულია კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით, რასაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოც ადასტურებს“, - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ექიმებს, რომლებმაც ოპერაცია ჩაატარეს, არ ჰქონდათ ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ლიცენზია, დაცული არ იყო ყველა ის პროცედურა, რაც ტრანსპლანტაციისთვის არის საჭირო.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, ერთ-ერთმა პაციენტმა გიორგი ჩუბინიძემ კლინიკა „ლანცეტს“ 2016 წლის თებერვალში მიმართა. მას უთხრეს, რომ ოპერაციისთვის 40 ათასი აშშ დოლარი სჭირდებოდა, რაც პაციენტს არ ჰქონდა.
„კლინიკამ ჩუბინიძეს გააფორმებინა ვალის აღიარების ხელშეკრულება, თუმცა ხელშეკრულებაში არც კლინიკა ლანცეტი იყო მოხსენიებული და არც ვალის დანიშნულება. სასწრაფო ოპერაციისთვის პალატაში შეყვანილ გიორგი ჩუბინიძეს გადასხმის აპარატი მოუხსნეს და სესხის გასაფორმებლად ნოტარიუსთან გადაიყვანეს. შემდეგ ჩატარდა ოპერაცია მეხუთე დღეს კი ჩუბინიძეს დაეწყო სისხლდენა და რამდენიმე დღეში პაციენტი გარდაიცვალა. ასევე კლინიკა „ლანცეტში“ მოხდა კიდევ ერთი პაციენტის კარლო კეკელიძის გარდაცვალებაც, რომელსაც ღვიძლის ტრანსპანლტაციისთვის 99 ათასი ლარი გადაახდევინეს”, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიმართავს შესაბამის უწყებებს, შეისწავლონ კლინიკა „ლანცეტის“ საქმინობა და პასუხისმგებლობა დაეკისროს არა მხოლოდ იმ ექიმებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ღვიძლის ტრანსპლანტაციაში, არამედ მთლიანად სამედიცინო დაწესებულებას აეკრძალოს ტრანსპლანტაციების ოპერაციების წარმოება.
ცენტრის იურისტები აპირებენ, რომ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართონ.