ნინო ბურჯანაძემ "პრაიმ-ტაიმში" არასაპარლამენტო ოპოზიცია დღეს კიდევ ერთხელ ღიად გააკრიტიკა. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიციამ არჩევნების დროს შეცდომა დაუშვა როდესაც რეგიონები მთლიანად გადააბარა ხელისუფლებას და აქცენტი მხოლოდ თბილისზე გააკეთა.
ამასთან ერთად შეიქმნა მოლოდინი, რომ ოპოზიციონერები გაიმარჯვებდნენ, რეალურად კი ისინი ხალხს მხოლოდ ცრუ დაპირებებს აძლევდნენ.
ნინო ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციურ ძალებს შორის კონსულტაციები გრძელდება, თუმცა რაიმე ახალი ალიანსის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია.
"ჩვენ ვატარებთ კონსულტაციას ყველა ამ ადამიანთან, ყველა იმ ძალასთან რომელის რეალური ამოცანა არის ხელისუფლების შეცვლა და ქვეყანაში რეალური და არა ფასადური დემოკრატიის ჩამოყალიბება და ქვეყნის გაერთიანება. მაგრამ ეს არ გულისხმობს მაინცდამაინც ერთიანი ბლოკის ან ერთიანი ალიანსის შექმნას ან თუნდაც ვთქვათ ცალკეული პოლიტიკოსების მაინცდამაინც ჩვენს პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას. მთავარია შეიქმნას ის პრინციპები და თანმიმდევრული გეგმა, რომლის თანახმადაც იმოქმედებს ოპოზიციის ნაწილი და რომელიც მართლა, ჩვენ თანმიმდევრულად მიგვიყვანს ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე", _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.